X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ილია ბეგიაშვილი - რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში 37 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა

14 დეკემბერი 2022

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძე, მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა   რეგიონში დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.

ონის მუნიციპალიტეტში მოინახულეს საკაო, ლაგვანთა, მაჟიეთი, ხიდეშლების საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე, სოფელ ლაგვანთში  ნაპირდამცავი ბეტონის კედლის მოწყობის და ონში საჭიდაო დარბაზის სამშენებლო სამუშაოები. ამბროლაურში - ბრატისლავა რაჭის ქუჩის სარეაბილიტაციო და მდინარე კრიხულას სანაპიროს კეთილმოწყობის სამუშაოები.

2022 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში 37 მილიონი ლარის 400-მდე პროექტი განხორციელდა, მათ შორის ბაღების რეაბილიტაცია, კულტურის და ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტები, მოეწყო  საგზაო ინფრასტრუქტურა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყალმომარაგების სისტემებს.

,,რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში, ოთხივე მუნიციპალიტეტში, 2022 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა სხვადასხვა  ინფრასტრუქტურული პროექტი, იმ საჭიროებებიდან გამომდინარე, რომელიც კონკრეტულ მუნიციპალიტეტებს ჰქონდათ.  ერთწლიანი პროექტები სრულად  დასრულებულია, ასევე დასრულებულია  გარდამავალი პროექტების ის წილი, რომელიც უნდა შესრულებულიყო 2022 წლის განმავლობაში. წლევანდელი წელი საკმაოდ ნაყოფიერი იყო ამ მხარისთვის, დაახლოებით 37 მილიონი ლარის 400-მდე  პროექტი  განხორციელდა და დაფინანსდა სხვადასხვა ფონდიდან, მათ შორის, რეგფონდიდან, მთის, სოფლის განვითარების ფონდიდან, ასევე არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები.  ვფიქრობ, არც 2023 წელი იქნება ნაკლები ინვესტიციების კუთხით“-განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.

,,წელს ჩვენს რეგიონში 40 კილომეტრამდე შიდა სასოფლო გზა დაიგო, ასევე  25 სოფელში  დასრულებულია წყალსადენის სისტემების რეაბილიტაცია, გვაქვს სამი სახიდე გადასასვლელისა და სხვადასხვა სახის მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენს რეგიონში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვის“-აღნიშნა პაპუნა მარგველაძემ.